"არ დავუშვებთ მოღალატეობრივი დოკუმენტის მიღებას" - აქტივისტები ამნისტიის კანონს აპროტესტებენ.
ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ე.წ საკანონმდებლო ორგანოს არ მისცემენ უფლებას, პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლონ ისინი, ვინც 20-21 ივნისის აქციის დაშლასა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაშავებაზეა პასუხისმგებელი.
ერთ-ერთმა აქტივისტმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ფორმულასთან თქვა, რომ ოპოზიციის ქმედება, დათანხმდეს ყველა დანაშულის ამნისტიას, მათთვის სრულიად მიუღებელია.
"აქტივისტებმა დავაარსეთ ორგანიზაციები 20 ივნისის შემდეგ, ვინაიდან მივხვდით, რომ რუსული გავლენა და სახელმწიფოს მიტაცება იყო კრიტიკულ ზღვარზე. ეს გამოიხატა ოკუპანტი გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომით და მერე იმ ანტისაოკუპაციო აქციების დარბევით, რომელმაც გავრილოვი გააგდო.
ახლა ოპოზიცია ეხმარება ხელისუფლებას, მოახდინოს თავისი მძიმე დანაშაულის, გავრილივის ღამის - საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციის ლეგიტიმაცია.
ამ დოკუმენტში წერია - ყველა დაკავებასა და ყველა დანაშაულზე ამნისტია. ეს პრინციპულად მიუღებელია. იმიტომ, რომ არავის უნდა შერჩეს კოლაბორაციონიზმი და მეორე - არავის უნდა შერჩეს საკუთარი მოქალაქეების მიმართ სადამსჯელო ოპერაცია და თვალები დათხრა. ოპოზიციის ეს ქმედება ჩვენთვის სრულიად მიუღებელია". - თქვა ფავლენიშვილმა.
პარლამენტში 27 აპრილს დაიწყება ცვლილებების განხილვა, რომლითაც 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში არსებული ჩანაწერი ამნისტიის კანონში უნდა აისახოს.
შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, პოლიციელების შემთხვევაში კანონს დაზარალებული მხარის თანხმობა უნდა დაემატოს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს, გიორგი რურუას შეიწყალებს.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს.
მელიასთვის მისაღებია გათავისუფლება ევროკავშირის თავდებობით, თავად გირაოს გადახდაზე უარს ამბობს. მისთვის ასევე მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20-21 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს.
22 აპრილს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამნისტია შეეხება მას, ვიზეც 20-21 ივნისის საქმეზე "აღძრულია საქმე და მასაც, ვიზეც შეიძლება, მომავალში აღიძრას".
ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები.
მათთვის ამნისტიის კანონი კატეგორიულად მიუღებელია. 27 აპრილს 20 ივნისს დაზარალებულებმა საპროტესტო აქციაც დააანონსეს - ის კანონის პარლამენტში ინიცირების პარალელურად გაიმართება.
ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.